ოქროს კვეთა: როგორ ვაქციოთ სასწავლო მასალები ვიზუალურ ხელოვნებად
- 3 days ago
- 2 min read
Updated: 2 days ago
სასწავლო მასალების შექმნისას ჩვენ ხშირად ვფოკუსირდებით მხოლოდ
კონტენტზე - იმაზე, თუ რა უნდა ისწავლოს მსმენელმა. თუმცა, ტალანტების განვითარების პროფესიონალებმა ვიცით, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონტენტი, არამედ ისიც, თუ როგორ წარმოვადგენთ მას.
როგორ დავეხმაროთ ჩვენს აუდიტორიას ინფორმაციის უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში? პასუხი დიზაინის უძველეს კანონზომიერებაში - ოქროს კვეთაშია.
რა არის ოქროს კვეთა?
Golden ratio არის იდეალური პროპორცია ორ ნაწილს შორის.
წარმოიდგინე, გაქვს ერთი ხაზი და გინდა გაყოფა ისე, რომ: პატარა ნაწილი ისე შეეფარდებოდეს დიდ ნაწილს, როგორც დიდი ნაწილი შეეფარდება მთელს, ეს “იდეალური ბალანსია”.
a:b =a : (a+b)

ეს შეფარდება ყოველთვის ახლოს არის 1.618 რიცხვთან და უკავშირდება ფიბონაჩის რიცხვებს.
რომელიც არის მიმდევრობა, სადაც ყოველი შემდეგი რიცხვი წინა ორი რიცხვის ჯამია: 0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, 34, 55, ...
თუ ფიბონაჩის მიმდევრობაში ავიღებთ ერთმანეთის მომდევნო რიცხვებს და გავყოფთ, მაგალითად: 55:34=1,6178, მიღებული რიცხვები ნელ-ნელა უახლოვდება ერთსა და იმავე მნიშვნელობას φ≈1.618
ოქროს სპირალში თვალის მოძრაობა იწყება გარე ნაწილიდან და თანდათან მიემართება სპირალის ცენტრისკენ. სწორედ ეს ცენტრალური წერტილია ის ადგილი, სადაც თვალი საბოლოოდ ჩერდება და ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს. ამიტომ დიზაინში მნიშვნელოვანია, რომ მთავარი მესიჯი ან მნიშვნელოვანი ელემენტი განთავსდეს სპირალის ამ ნაწილში.

Golden ratio ხშირად გვხვდება ბუნებრივ ფორმებში:
🌻 მზესუმზირის თესლების განლაგება
🐚 ნიჟარების სპირალი
🌿 ფოთლების განლაგება ღეროზე
🌲 ხეების ტოტების ზრდა
არქიტექტურაში
ადამიანის სხეულის პროპორციებში
ხელოვნებასა და დიზაინში

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სწავლებაში?
ადამიანის ტვინი ბუნებრივად ეძებს წესრიგს და ჰარმონიას. როდესაც პრეზენტაციის ან სასწავლო მოდულის დიზაინი აგებულია ოქროს კვეთის
პრინციპებზე, ის ამცირებს „კოგნიტურ დატვირთვას“. მარტივად რომ ვთქვათ: მსმენელი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ინფორმაციის „გაშიფვრაზე“ და მეტს - მის გააზრებაზე.
პრაქტიკული გზამკვლევი თქვენი სლაიდებისთვის
თქვენ არ გჭირდებათ იყოთ მათემატიკოსი, რომ დიზაინში ჰარმონია შექმნათ. საკმარისია დაიცვათ 60/40 წესი - ოქროს კვეთის გამარტივებული და ყველაზე ეფექტური ვერსია.
1. დომინირება და აქცენტი
სლაიდზე ყოველთვის უნდა იყოს ერთი ელემენტი, რომელიც იპყრობს ყურადღებას. ეს შეიძლება იყოს:
• ძლიერი ვიზუალი ან ფოტო (რომელსაც 40%-იანი წილი უკავია).
• მთავარი გზავნილი ან სქემა (რომელიც 60%-ს იკავებს).
გახსოვდეთ: ფოტო ყოველთვის უფრო „მძიმეა“ ვიდრე ტექსტი. თუ სლაიდზე ფოტოს და ტექსტს ათავსებთ, ფოტო ავტომატურად ხდება ფოკუსური წერტილი, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი სივრცულად უფრო დიდ ადგილს იკავებს.
2. ოქროს სპირალი, როგორც გზამკვლევი
წარმოიდგინეთ სპირალი, რომელიც სლაიდის ერთ-ერთ კუთხიდან იწყება და ცენტრისკენ მიემართება. ეს არის თქვენი მსმენელის თვალის მოძრაობის ბუნებრივი ტრაექტორია.
• სპირალის ცენტრში: განათავსეთ თქვენი მთავარი მესიჯი ან ლოგო - ეს ის წერტილია, სადაც თვალი ბოლოს ჩერდება და ყველაზე დიდ ყურადღებას იღებს.
• გარე ნაწილში: განათავსეთ დამხმარე ინფორმაცია, ტექსტი.
3. ჰარმონია ფერებში
გამოიყენეთ ფერთა კონკრეტული პალიტრა. ფერთა ბალანსი თავისთავად ქმნის პროფესიონალურ და სუფთა იერს. სცადეთ, რომ გამოიყენოთ 2-3 ფერი.
დასკვნა
კარგი დიზაინი არ არის მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება,ეს არის სწავლების ინსტრუმენტი. ოქროს კვეთა გეხმარებათ ინფორმაციის იერარქიის დაცვაში და აუდიტორიის ყურადღების მართვაში.





Comments